English / ქართული / русский /
გიული ქეშელაშვილი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების როლი ღირებულების ჯაჭვის მართვაში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ღირებულებათა ჯაჭვის მართვისა და განვითარების საკითხები აგრობიზნესში. კერძოდ, საქართველოში არსებული ბიზნესსუბიექტების შესწავლის საფუძველზე გაანალიზებული და შეფასებულია ღირებულებათა ჯაჭვის ფორმირების პროცესი და მასში ჩართული სუბიექტების როლი, რომლებიც ორგანიზებული თანამშრომლობით მომხმარებლებისთვის პროდუქტის ღირებულებას ზრდიან. კვლევის ფარგლებში განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესწავლა და საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული დარგების ბიზნეს ციკლის მიმოხილვა. ნაშრომში წარმოდგენილი რეკომენდაციები საქართველოში აგრობიზნესის ღირებულებათა ჯაჭვის მართვის სრულყოფას შეუწყობს ხელს. 

საკვანძო სიტყვები: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; ღირებულების ჯაჭვის მართვა; წარმოების დანახარჯები; მიწოდების ჯაჭვი.

შესავალი

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისა და მართვის საკითხების შესწავლის აქტუალურობა განპირობებულია მთლიან შიგა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის სტაბილურად დაბალი მაჩვენებლით, რომელიც, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ხარჯების სიდიდისა და განხორციელებული პროექტების მასშტაბებისა, არ იზრდება არც ნომინალურ და არც რეალურ მაჩვენებლებში.

მრავალი წლის განმავლობაში ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების მრავალფეროვნება და მოთხოვნათა ცვალებადობა გავლენას ახდენდა სოფლის მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურასა და განვითარების მიმართულებებზე. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 33,2%-დან 8.2%-მდე შემცირდა. სოფლის მეურნეობის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელის შემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად ძირითადად 1992-1998 წლებში განხორციელებული მიწის რეფორმა ითვლება, რამაც მეურნეობების მცირე ფართობებად დანაწევრება და წარმოების ნატურალიზაცია გამოიწვია. 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, 1 ჰექტრამდე მიწას ფლობს მიწათმოსარგებლეთა 73.1%, 1-დან 5 ჰექტრამდე ფართობს - 25.5%, ხოლო 5 ჰექტარზე მეტს - მხოლოდ 1.5% [საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 : 22]. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ  მეურნეობების კუთვნილი 1 ჰექტარი მიწა  2-3 ნაკვეთადაა წარმოდგენილი. რეალურად კი მომგებიანი და ეკონომიკურად ძლიერი სოფლის მეურნეობის განვითარება  მიწების კონსოლიდაციის გარეშე შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით,  საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარია (42.75%) და მათი ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია თვითდასაქმებული, მთლიან შიგა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი ბოლო რვა წლის განმავლობაში სტაბილურად დაბალია (2015 წლის მონაცემებით შეადგენს 9.2%-ს). მონაცემები ადასტურებს, რომ დღეს ქვეყანაში მოსახლეობის უმსხვილესი დამსაქმებელი დარგია დაბალშემოსავლიანი სოფლის მეურნეობა. უმეტესი აგროსასურსათო პროდუქტების თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი დაბალია, დეფიციტის შევსება კი ხდება იმპორტირებული პროდუქტების ხარჯზე [Jibuti M., 2017].

ქართველ ფერმერთა ძირითადი ნაწილი წარმოების პროცესს კვლავ ძველი ტექნიკითა და ტექნოლოგიით ახორციელებს. მათი კონკურენტუნარიანობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე დაბალია და მეურნეობის მართვის პროცესი ფაქტობრივად არაორგანიზებულ ღონისძიებათა შემთხვევითი ერთობლიობაა.  საქართველოს  მთავრობის მიერ დამტკიცებულ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ კოოპერაცია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების წინაპირობაა [საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 : 32-35].

კოოპერაციის პროცესის განვითარება მსოფლიოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში წარმოიშვა კოოპერაციული ორგანიზაციები. გერმანიაში შეიქმნა პირველი საკრედიტო კოოპერატივები, ინგლისში _ სამომხმარებლო კოოპერატივები, ხოლო საფრანგეთში _ საწარმოო კოოპერატივები. ბიზნესზე ორიენტირებული კოოპერატივები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროპის სახელმწიფოთა სოფლის მეურნეობის განვითარებაში, სადაც მცირე ფერმერთა უმრავლესობაა გაერთიანებული. ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რასაც კოოპერატორები იღებენ კოოპერაციის შედეგად, არის ხელმისაწვდომობა ტექნიკასა და მანქანა-დანადგარებზე, ბაზარსა და ინფორმაციაზე, ხელმისაწვდომობის ზრდა სპეციალიზაციაზე და საქმის განაწილება.

ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება საქართველოშიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო.   ამ პროცესს წინ უსწრებდა მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები: 1909 წელს თბილისში გამოიცა კონსტანტინე კანდელაკის წიგნი ,,კოოპერაცია. თეორია, ისტორია და პრაქტიკა“, 1911 წლიდან ქუთაისში დაიწყო ჟურნალ ,,კოოპერაციის“ გამოცემა, სადაც პერიოდულად იბეჭდებოდა ყველა სიახლე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მკითხველი ეცნობოდა ევროპული ქვეყნების გამოცდილებასა და მიღწევებს კოოპერატივების შესახებ, იკითხებოდა ლექციები აღნიშნულ თემაზე და კოოპერაციული მუშაობა  სულ უფრო და  უფრო მასშტაბური ხდებოდა. ადამიანებს სჯეროდათ, რომ კოოპერატივები იქნებოდა ეკონომიკური აღმავლობისა და სიღარიბისაგან თავის დაღწევის  საშუალება.  აღნიშნულ პერიოდში დაარსდა მრავალი კოოპერატივი, სადაც ასობით სუბიექტი იყო გაერთიანებული,  მაგალითად, მეცხვარეთა კოოპერატივი ,,მწყემსი“, სავაჭრო ამხანაგობა ,,კოლხიდა“, ,,ავლევის“ სამეურნეო ამხანაგობა, სავაჭრო ამხანაგობა ,,შუამავალი“ და სხვ. აღნიშნულ კოოპერატივებს  სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან, მათი საქმიანობის მასშტაბები, გასაღების ბაზრები და პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგება მუდმივად იზრდებოდა.  ამ თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე წარმატებული კახეთის რეგიონი იყო, სადაც, ძირითადად, მევენახეთა კოოპერატივები იქმნებოდა. 1921 წლისათვის საქართველოში 900-მდე კოოპერატივი ფუნქციონირებდა, რომელიც მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებდა. საქართველო დინამიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესებში იყო ჩართული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ კერძო საკუთრების ფლობისა და მართვის გამოცდილებას ბოლო მოუღო საბჭოთა ოკუპაციამ. ოკუპაციის შემდეგ (1921) კოლექტივიზაციის განხორციელების შედეგად კოოპერატივები საბოლოოდ დაიშალა და ლიდერთა ნაწილი  ფიზიკურად იქნა განადგურებული. დროთა განმავლობაში კი ყველაფერი დავიწყებას  მიეცა. დღეისათვის კოოპერატივების შექმნისა და განვითარების საკითხი საქართველოს აგრარული სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 

ჩვენი კვლევა  მიზნად ისახავს აგრობიზნესის ღირებულებათა ჯაჭვის მართვის პროცესის ანალიზს, პრობლემების გამოვლენას და პროცესის ეფექტიანობის გაზრდისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. კვლევის პროცესში შესწავლილ იქნა ფერმერულ მეურნეობათა განვითარებისა და სოფლის მოსახლეობის  ცხოვრების დონის ზრდის შესაძლებლობანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ღირებულების ჯაჭვის ეფექტიანი მართვის გზით.

ნაშრომი მომზადდა დარგის ექსპერტებთან, აგრობიზნესის მენეჯერებსა და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულ მხარეებთან ჩაღრმავებული ინტერვიუების საფუძველზე მეორადი მონაცემები შეგროვდა საკითხთან დაკავშირებული პუბლიკაციებისა და ღირებულებათა ჯაჭვის ანგარიშების შესწავლით. კვლევის პროცესში აქცენტი გაკეთდა  ღირებულებათა ჯაჭვის მართვის პრობლემებზე. წარმოების  ზრდისა  და განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებად აგრობიზნესში მეწარმის მიერ სრული საწარმოო ჯაჭვის ჩამოყალიბებისა და გამართვის აუცილებლობა გამოიკვეთა, რომელშიც შესაძლებელი გახდება წარმოების დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება. 

კვლევის ძირითადი მიგნებები

2013 წლიდან საქართველოში დაიწყო ფერმერული კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და განვითარების აქტიური ხელშეწყობის პროცესი. აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის განხოციელების შესახებ  (ENPARD). აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო  52 მილიონი ევრო,  რომელიც მიზნად ისახავდა  საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდასა და სოფლად  სიღარიბის შემცირებას [მცირე ფერმერული კოოპერატივებისათვის ENPARD-ის 18-თვიანი მხარდაჭერის შედეგები]. ENPARD-ის ერთ-ერთ ამოცანას ბიზნესზე ორიენტირებული კოოპერატივების განვითარება წარმოადგენს, რომელიც დაეხმარება მცირე ფერმერებს წარმოების განვითარებაში. ,,დღეს ქვეყანაში უმეტესად მცირემასშტაბიანი მეურნეობები ფუნქციონირებენ და ისინი პროდუქტების მხოლოდ თვითმოხმარების ფუნქციას ასრულებენ.  ფაქტობრივად მოსახლეობა  მეტ იმპორტირებულ  აგროსასურსათო  პროდუქციას მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს’’ [Kharaishvili  E., 2016: 1376-1379].

საქართველოში აგროპროდუქტების მცირე მწარმოებელთა უმეტესობა აწყდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ღირებულების მთელ ჯაჭვზე გადანაწილებული მოგებიდან სასურველი წილის მიღება; მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება მათთვის ხელმისაწვდომი სათესლე მასალის, სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების პირობებში; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის აგროვადებში განსახორციელებლად ფინანსურ რესურსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა და მათი საქმიანობისთვის დამახასიათებელი ფულადი ნაკადების სეზონურობა; წარმოებული პროდუქტის  ტრანსპორტირება,  რომელსაც ხშირად აგვარებენ შუამავლებისათვის პროდუქტის დაბალ ფასად მიყიდვის ხარჯზე.

იქიდან გამომდინარე, რომ ღირებულებათა ჯაჭვის მართვა არის მწარმოებელთა, შუამავალთა,  გადამამუშავებელთა და ნედლეულის (სერვისის) მიმწოდებელთა ჯგუფების ორგანიზებული კავშირი პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად, ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილენი უნდა ცდილობდნენ წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და მის შენარჩუნებას ინოვაციის ხარჯზე. „მათ უნდა შეძლონ  და გამოიყენონ სხვადასხვა კონკურენტული სტრატეგია და დაიმკვიდრონ ადგილი გლობალურ სივრცეში”  [Chokheli E., 2016]. ამასთან, კომერციული პარტნიორების მონაწილეობა ღირებულებათა ჯაჭვში ხარჯების შემცირებასა და  ბიზნესის ეფექტიან  წარმართვას უნდა უწყობდეს ხელს. ,,იგი საშუალებას იძლევა, გაირკვეს დანახარჯების სტრუქტურა და დანახარჯების შემცირებით ამაღლდეს კომპანიის კონკურენტუნარიანობა. ამ მეთოდის მიზანია, შეამციროს დანახარჯები არა მარტო შიგა საქმიანობების, არამედ მომწოდებლების ხარჯზეც მათთან  ურთიერთობის ისეთი ფორმების შეთავაზებით, რომლებიც უზრუნველყოფს მოგების ზრდას’’ [ჩოხელი ე., 2014].

კვლევების შეჯამებამ და უცხოური გამოცდილების გაანალიზებამ გვიჩვენა, რომ მაშინ, როდესაც ინდივიდუალურად მომუშავე  მცირე ფერმერი ვერ იღებს სარგებელს პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, კოლექტიურად მომუშავე ფერმერები, რომლებმაც კოოპერატივების ანალოგიური წარმოების ძლიერი ორგანიზაციული კავშირები დააფუძნეს,  უკეთ ახერხებენ საბაზრო შესაძლებლობების გამოყენებას და კრიზისული სიტუაციების თანმდევი უარყოფითი შედეგების შესუსტებას. ცხადია, ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შექმნან კოოპერაციული საწარმო, რაც ღირებულებათა ჯაჭვის შემჭიდროების, ხარჯების შემცირებისა და მოგების გაზრდის  საშუალებას მისცემთ.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია თხილის მწარმოებელი,  მეფუტკრეობის, რძის მწარმოებელი და მევენახეობის კოოპერატივები. განვიხილოთ ღირებულების ჯაჭვის ფორმირების პროცესი თხილის მწარმოებელი კოოპერატივის მაგალითზე.

ქართული თხილის წარმოებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. მსოფლიოში თხილის მწარმოებელ 5 მოწინავე ქვეყანას შორის  საქართველო რიგით მეოთხე ადგილზე იმყოფება თურქეთის, იტალიისა და აშშ-ს შემდეგ. ჩვენთან  ყოველწლიურად საშუალოდ 32 900 ათასი ტონა თხილი იწარმოება. საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი რაოდენობით თხილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა  და იმერეთში  იწარმოება [საქართველოს სოფლის მეურნეობა, 2016 : 62]. წარმოებული თხილის უმეტესი ნაწილი შუამავლების მეშვეობით ბაზარზე იყიდება; ქართული თხილის ფასის ცვალებადობა დამოკიდებულია მოსავლის რაოდენობაზე თურქეთში, რომელიც  მსოფლიო ბაზარზე თხილის მთავარი მიმწოდებელია. თხილის მწარმოებელთა ფრაგმენტაციისა და მცირე მასშტაბების გამო, მათ სხვადასხვა ჯიშის თხილი მოჰყავთ, შესაბამისად მოსავალს სხვადასხვა დროს იღებენ და წარმოებისა და დასაწყობების განსხვავებულ  ტექნოლოგიებს იყენებენ, რაც პროდუქტის ხარისხზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.

როდესაც თხილს აწარმოებს ფერმერი, თხილის რეალიზაცია ხორციელდება ან რეგიონულ ბაზრებზე, ფერმერის მიერ, სადაც პროდუქტს ყიდულობს უშუალოდ მყიდველი (ეს იშვიათი შემთხვევაა), ან  ადგილზე, შუამავლის მიერ, რომელიც თხილის ყოველი მეურნეობისაგან შეიძენს პროდუქტს, აგროვებს რეალიზაციისთვის მომგებიან მოცულობას და ასრულებს გადამყიდველის ფუნქციას (ნახ. 1). აღნიშნული საქმიანობიდან შუამავალი იღებს მოგებას, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უფრო მაღალია, ვიდრე პროდუქტის პირველადი მწარმოებლის მიერ მიღებული მოგება.

თხილის მწარმოებელი კოოპერატივის შემთხვევაში ღირებულებათა ჯაჭვის ერთ რგოლში რამდენიმე  სუბიექტი ერთიანდება და პროდუქტი რეალიზაციამდე სხვადასხვა ოპერაციას გადის: წარმოებისთვის საჭირო მასალების შეძენა, თხილის მოყვანა, მოსავლის აღება, გაშრობა, ნედლი მასალით ვაჭრობა, ნედლი მასალის გასუფთავება, დამტვრევა, მოხალვა, დაფქვა,  ვაკუმიზაცია, გაგზავნა, გაყიდვები ევროპულ ან აზიურ ბაზრებზე. კოოპერატივი შესაძლებლობას იძლევა, რომ შემჭიდროვდეს ღირებულების ჯაჭვი, რადგან მას პროდუქტის გასაყიდად არ სჭირდება შუამავალი და შესაბამისად ურთიერთობა შემგროვებელ ცენტრებთან (ნახ. 2). ამ შემთხვევაში საქმიანობათა დიდ ნაწილს კოოპერატივი ახორციელებს და მოგების მარჟის დიდი ნაწილიც შესაბამისად კოოპერატივს რჩება. 

ნახ.1. თხილის ღირებულების  ჯაჭვი ფერმერებისთვის

ნახ.2. თხილის ღირებულების ჯაჭვი კოოპერატივებისთვის 

თხილის მწარმოებელი კოოპერატივების ღირებულების ჯაჭვის შესწავლამ გვიჩვენა, რომ კოოპერაციის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება კოოპერატივის, გადამუშავებისა და ექსპორტის მთლიანი ჯაჭვის ერთ რგოლში გაერთიანება (ნახ. 2) და  შესაბამისად, ღირებულების ჯაჭვის  შემჭიდროება. ანალოგიურ შედეგს იძლევა მეფუტკრეობის, რძის მწარმოებელი და მევენახეობის კოოპერატივების ღირებულების ჯაჭვის გაანალიზება.

ღირებულების ჯაჭვის ფორმირების პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიწოდების ჯაჭვი, რომელიც ნედლეულის წარმოებისთვის საჭირო მომსახურებისა და მასალების მიწოდების სტრუქტურას აყალიბებს დამატებული ღირებულების შექმნის გზით.  მიწოდების ჯაჭვის კონცეფციაც ღირებულების ჯაჭვის მსგავსია. იგი ინდივიდუალური მეწარმეებისათვის ნედლეულისა და მასალების (მომსახურების) მიწოდებისა და მარკეტინგის ფუნქციებს აერთიანებს. შესაბამისად, მიწოდების ჯაჭვის მართვაც ბიზნესის მართვის შემადგენელი ნაწილია, რომელიც უფრო მეტად უკავშირდება ლოგისტიკას, ვიდრე ბაზრის განვითარებას და წარმოების შემოსავლიანობის ზრდაზე უშუალო გავლენას ახდენს.

მცირე ფერმერთა გაერთიანება კოოპერატივებში ხელს შეუწყობს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას და  საშუალებას მისცემთ, რომ ჰქონდეთ უფრო მაღალი ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოებისათვის საჭირო მასალებზე, მომსახურებებსა და ბაზრებზე, უშუალოდ იყვნენ დაკავშირებულნი მომხმარებლებთან,  მათგან მიიღონ ინფორმაცია მათი მოთხოვნის მახასიათებლების შესახებ და აღნიშნულის  საფუძველზე განავითარონ პროდუქტის წარმოება ან  მომსახურების გაწევა [ქეშელაშვილი გ., 2017: 507].

ცხადია, კოოპერაციის განვითარება ღირებულებათა ჯაჭვის სრულყოფასა და საბოლოო მომხმარებლის კმაყოფილების დონის ზრდას შეუწყობს ხელს, რადგან შესაძლებელი ხდება პროდუქტის საბოლოო ფასის შემცირება ღირებულების ჯაჭვის რგოლების რაოდენობის შემცირების ხარჯზე. ამასთან, კოოპერატივის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ  მიიღონ გაცილებით მეტი მოგება  საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად, ვიდრე იღებდნენ ინდივიდუალურად, მხოლოდ პირველადი წარმოების შედეგად.

გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ საქართველოში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთა უმრავლესობას არ აქვს საჭირო ცოდნა საქმიანობის უკეთ დაგეგმვის, წარმოებისა და ღირებულების ჯაჭვის მართვის, სავარაუდო შედეგების წინასწარი პროგნოზირებისა  და მათი მიღწევების შეფასებისათვის. 

დასკვნა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების როლის შესწავლამ ღირებულების ჯაჭვის მართვის პროცესში შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვცა:

• ქართველი ფერმერები საქმიანობას კვლავ ტრადიციული მეთოდებით აგრძელებენ, არ იყენებენ  ინოვაციებს და მათ მიერ მიღებული შემოსავალი ძალიან მწირია. მათ არ გააჩნიათ გრძელვადიანი ხედვა და ძირითადად ორიენტირებულნი არიან მხოლოდ ბიზნესის ერთწლიან გეგმებზე, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არაორგანიზებულად ხორციელდება და არ ეფუძნება მატერიალურ დოკუმენტებს. ფერმერებს არ აქვთ საჭირო პროფესიული ცოდნა და გამოცდილება მარკეტინგის საკითხებში, რაც კოოპერატივის ღირებულების ჯაჭვში მათ ინტეგრირებას უშლის ხელს.

• კოოპერატივებში გაერთიანება ფერმერებს საშუალებას მისცემთ, შეამცირონ დანახარჯები ღირებულების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში და  უკეთ გამოიყენონ საბაზრო შესაძლებლობები გაყიდვების პროცესში ჩართულობის გაზრდის საფუძველზე; პირველი დონის კოოპერატივებთან ერთად მეორე და მესამე დონის კოოპერატივების შექმნა უფრო მეტად შეამჭიდროვებს ღირებულების ჯაჭვს, შეამცირებს დანახარჯებს და გაზრდის პირველადი მწარმოებლის შემოსავალს, რაც  სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს.

• მნიშვნელოვანია, განხორციელდეს ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლება მათი პროფესიული გადამზადების გზით, კოოპერატივების ღირებულებათა ჯაჭვში გააზრებული ინტეგრირებისათვის. 

• გრძელვადიან მიზნებსა და სტრატეგიებზე ორიენტირებული კოოპერატივების შექმნა  ხელს შეუწყობს მის წევრებს, რომ  ორიენტაცია აიღონ მეურნეობათა მდგრად განვითარებაზე და განახორციელონ საქმიანობათა ორგანიზებული მართვა.

• საკრედიტო და სადაზღვევო სისტემის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი   წამახალისებელი ფაქტორი გახდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და აგროვადების ეფექტიანი მართვისათვის.

• საქართველოს მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანია სათანადო რეგულაციების განხორციელება სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დასაახლოებლად, რაც კოოპერატივებში  ფერმერთა გაერთიანების სტიმულირებას და კოოპერატივების მიერ შექმნილი პროდუქტის ცნობადობას შეუწყობს ხელს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა.  /http://acda.gov.ge/
  2. საბოლოო ანგარიში _ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მდგრადი კავშირების ხელშეწყობა ბაზარზე არსებულ მოთამაშეებთან, ექსტენციის და ფინანსური მომსახურებების მიმწოდებლებთან. - http://enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მდგრადი კავშირების ხელშეწყობა.Pdf
  3. საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020, გვ.1-66. http://enpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020.pdf
  4. საქართველოს სოფლის მეურნეობა 2016, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/agriculture/2016%20wlis%20soflis%20meurneoba.pdf
  5. მცირე ფერმერული კოოპერატივებისათვის ENPARD -ის 18-თვიანი მხარდაჭერის შედეგები, http://enpard.ge/ge/18-months-of-enpard-support-to-small-farmers-cooperatives/
  6. ქეშელაშვილი გ. (2017).  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფორმირებისა და მართვის ძირითადი ასპექტები საქართველოში. კრებულში: ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში, თბილისი, ,,თსუ“ გვ. 504-510.
  7. ჩოხელი ე., (2014). სტრატეგიული ანალიზის თანამედროვე მეთოდებისა და ინსტრუმენტების შესახებ, საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  8. Chokheli E. (2016). "The impact of the competitive strategy on the success of wine companies (The Case of Georgia)," Proceedings of International Academic Conferences 4006536, International Institute of Social and Economic Sciences.
  9. Kharaishvili, E., (2016). 'Small Farm Diversification Opportunities in Viticulture-Winemaking Sector of Georgia '. World Academy of Science, Engineering and Technology, International Science Index 113, International Journal of Social, Behavioral, Educational, Economic, Business and Industrial Engineering, 10(5), 1376 - 1379.
  10. Keshelashvili G., (2016). General Strategies of Georgian Winemaking Companies’ Management in the Conditions of Integrated Development, 23rd International Academic Conference, 27-30 April, Venice, Italy, http://www.iises.net/proceedings/23rd-international-academic-conference-venice/table-of-content
  11. Keshelashvili G., Jibuti M. (2015). The Commercialization of Ideas and Customer’s Needs in the Georgian Market, 15th International Academic Conference, 14-17 April, Rome, Italy, http://www.iises.net/proceedings/international-academic-conference-rome/front-page